ტური - წითელი ტერორის ტოპოგრაფია

 ტურის სახეობა: საგანმანათლებლო-კულტურული ტური

 ტურის სახელწოდება: წითელი ტერორის ტოპოგრაფია

 ტურის ჩატარების ადგილი: სოლოლაკი, მთაწმინდა

 ტურის ხანგრძლივობა: 2 საათი

 ტურის მსვლელობისას სანახავი ობიექტები:

 1. თავისუფლების მოედანი - თბილისის სასულიერო      სემინარია

 2. თავისუფლების მოედანი – ბანკის ძარცვა 1907 წელს

 3. სულხან საბა ორბელიანის #3 – სვანიძეების სახლი

 4. მიხეილ ლერმონტოვის #3 – ალექსანდრე კონსტანტინეს ძე  მოროზოვი 

 5. ივანე მაჩაბლის #11 – ლავ რენტი ბერიას რეზიდენცია

 6. ივანე მაჩაბლის #13 – საქართველოს მწერალთა სახლი

 7. ლადო ასათიანის #46 – კოტე აფხაზის სახლი

 8. გერონტი ქიქოძის #14 – მათე  ივანეს ძე სკობელევი

 9. გერონტი ქიქოძის #11 – პარტიული ელიტის საცხოვრებელი

,,მოსკოვი, კრემლი. ლენინს, სტალინს. თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს,” - ასე ამცნო 1921 წელს სერგო ორჯონიკიძემ მოსკოვს საქართველოს გასაბჭოება. სწორედ საბჭოთა საქართველოში მიმდინარე წითელ ტერორს ეხება საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ მომზადებული საგანმანათლებლო-კულტურული ტური, რომელიც ქალაქ თბილისის საკრებულოს წინ იწყება.

XIX საუკუნის ბოლოს საქართველოში სოციალისტურმა იდეებმა გავრცელება დაიწყო. მის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს ახალგაზრდობა იჩენდა. განსაკუთრებით ეტანებოდნენ მარქსისტულ იდეებს თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტები. ბევრი მათგანი მომავალში საკუთარ პოლიტიკურ კარიერას მენშევიკებს დაუკავშირებს, ხოლო მეორე ნაწილი კი ლენინური კურსის ერთგული დარჩება.

სწორედ ამიტომ ტურის ამ ვარიანტის პირველი ობიექტი თბილისის სასულიერი სემინარიის შენობაა. ყოფილმა სემინარიელმა, იოსებ ჯუღაშვილმა 1907 წელს, თითქმის მისი სასწავლებლის წინ, მაშინდელ გოლოვინის პროსპექტზე გაძარცვა ბანკი (თუმცა ზოგიერთი ისტორიკოსი სტალინის მონაწილეობას ამ ინციდენტში საერთოდ უარყოფს), რასაც დიდი რეზონანსი მოჰყვა მსოფლიო პრესაში.

როდესაც ახალგაზრდა რევოლუციონერი იოსებ ჯუღაშვილი ბანკს ძარცვავდა, მისი მეუღლე კატო სვანიძე ფრეილინის ქუჩის #3 სახლში იყო  შვილთან, პატარა იაკობ ჯუღაშვილთან ერთად. ამ სახლს უკავშირდება რევოლუციონერი სოსოსა და კატოს გაცნობა, მათი ქორწილი, სვანიძეების ოჯახის ტრაგედია, როდესაც 1937 წელს თითქმის მთელი ოჯახი დახვრიტეს. 

30-იანი წლების მოვლენები გრძელდება მაჩაბლის ქუჩაზე.  აქ ცხოვრობდა 1936-1937 წლების სამეულის სხდომის მდივანი ალექსანდრე მოროზოვი, ლავრენტი ბერია და შინსახკომის (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) ძალიან ბევრი თანამშრომლი. ამავე ქუჩაზეა მწერალთა სახლი, რომლის ისტორია ცალკე საუბრის თემაა. ისევე როგორც ყველა ქუჩაზე ამ ქუჩაზეც იყვნენ რეპრესირებულნი: კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძე, იაკობ ლიბერზონი, შალვა აქვსენტის ძე თვალთვაძე. 

რეპრესიები შეეხო მაჩაბლის მკვეთ ასათიანის (ყოფილი ენგელსის) ქუჩასაც. აქ მაშინდელი ბებუთოვის ქუჩის #46-ში ცხოვრობდა ცნობილი ქართველი კონსტანტინე აფხაზი. ის 1923 წელს დაპატიმრეს, ხოლო მისი ოჯახი ემიგრაციაში წავიდა. 

რა თქმა უნდა, რეპრესიები შინსახკომის თანამშრომლების გარდა, ასევე დაკავშირებულია პარტიულ ელიტასთან. სწორედ პარტიული ელიტის სახლი მდებარეობდა გერონტი ქიქოძის #11-ში. აქ ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი; აქვე ცხოვრობდა საქართველოს რესპუბლიკის პროკურორი ილარიონ ტალახაძე, რომელმაც მისი მეზობლის, გამოჩენილი დირიჟორის, ევგენი მიქელაძის დახვრეტას მოაწერა ხელი.

ტურის ღირებულება:
ტური ინგლისურ / რუსულ ენაზე - 25 ლარი;
ტური ქართულ ენაზე - 15 ლარი;
სტუდენტი - 10 ლარი
სკოლის მოსწავლე - 5 ლარი;

(საქართველოს მწერალთა სახლის დათვალიერების სურვილის შემთხვევაში ტურის ღირებულებას ემატება 3 ლარი)

ტურით დაინტერესბულმა პირებმა მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ:

ფოსტა: info@sovlab.ge

ტელ: 593 78 59 01